მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ღონისძიებების ორგანიზატორი, „ახუნდოვ კაფეს“ და „ახუნდოვ გალერეას“ ხელმძღვანელი.
ლეილა ალიევა დაიბადა 1989 წლის 30 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში. მან ადრეული ბავშვობა ბაქოში გაატარა, სადაც ასევე მიიღო დაწყებითი განათლება. მესამე კლასის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა განაგრძო თბილისის 73-ე საშუალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა.
ალიევამ ინგლისური ფილოლოგიის უმაღლესი განათლება მიიღო ფილიპე გოცირიძის სახელობის უნივერსიტეტში. ენობრივმა ცოდნამ ფართო შესაძლებლობები მისცა როგორც კულტურის, ასევე საერთაშორისო კომუნიკაციის სფეროში.
2013 წლიდან ლეილა ალიევა მუშაობს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუზეუმის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში – ინიციატივითა და ლიდერობით სხვადასხვა კულტურული ღონისძიების, გამოფენის, პრეზენტაციისა და თემატური საღამოების ორგანიზებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში. დირექტორის მოადგილის რანგში აქტიურად მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამუშაოებში, სტუმრების მიღებასა და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებაში.
გარდა ამისა, ლეილა ალიევა ხელმძღვანელობს მუზეუმის ფარგლებში მოქმედ „ახუნდოვ კაფესა“ და „ახუნდოვ გალერეას“. ამ სივრცეებში გამართული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანული სამზარეულოსა და ხელოვნების გაცნობაში.
მისი საქმიანობა მხოლოდ მუზეუმით არ შემოიფარგლება. ის ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ქართულ სატელევიზიო გადაცემაში, სადაც მაღალ დონეზე წარმოადგინა აზერბაიჯანული მუსიკა და ხელოვნება. თავისი არტისტულობითა და თავშეკავებით დაიმსახურა როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართველი აუდიტორიის მოწონება.
მისი პროფესიული თავდადება, ორგანიზაციული უნარები, კულტურის სიყვარული და ეროვნულ იდენტობასთან მჭიდრო კავშირი ლეილა ალიევას საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აქცევს.
